You are viewing natiajoxadze

გუშინ საინფორმაციო საშუალებებში მისაღები-ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის სტატისტიკური ინფორმაციიდან რამდენიმე საკითხმა მიიპყრო ჩემი ყურადღება, მათ შორის აბიტურიენტების გაზრდილმა მოთხოვნამ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე და უცხოურ ენად ინგლისური ენის პრევალირებამ არჩევანში (73%). ამ უკანასკნელზე დავწერ.

თითქოს თავისთავად ლოგიკური უნდა იყოს ეს არჩევანი, მაგრამ საინტერესო იქნებოდა გარკვეული, თუნდაც ზედაპირული მიმოხილვის ჩატარება (ანალიზს არ დავარქმევ). ბოდიშს მოვიხდი მკითხველის წინაშეც, რადგან ცოტა ბიოგრაფიული მონაცემებიც უნდა ჩავწერო.

1. 30 წლის წინ :)
საბჭოთა სკოლებში რომ რუსული პირველი ენა იყო, ამას დიდი გახსენება არ სჭირდება ჩემს თაობაში და თუ სწორად მახსოვს მას უცხოური ენის სტატუსიც არ ჰქონდა, ამიტომაც გარკვეული კლასიდან იწყებოდა ნამდვილი (:)) უცხოური ენის სწავლება. უმეტეს სკოლაში რომ გერმანული ენა ისწავლებოდა, ამის მიზეზიც ვიცით, ამიტომ ამ საკითხზე არ გავჩერდები. ერთ პატარა ისტორიას გავიხსენებ - ჩემს სკოლაში რამდენიმე პარალელური კლასი იყო და აქედან მხოლოდ ერთს უნდა ესწავლა ინგლისური ენა, დანარჩენებს - გერმანული. მართალია ბავშვი ვიყავი (10-11-12 წლის ?), მაგრამ მახსოვს როგორი მოთხოვნა იყო მშობლების მხრიდან იმ ინგლისურენოვან კლასზე! ნამდვილად არ ვიცი როგორ და რანაირად ხდებოდა მოსწავლეების საბოლოოდ შერჩევა, თუმცა მახსოვს, რომ მცირე გამოცდა-გასაუბრებასავით იყო და დედაჩემმა წამიყვანა :) მე ინგლისური ვიცოდი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დედა მონდომებით ყველანაირ წრეებზე მატარებდა (აღარ ჩამოვთვლი, გრძელი ნუსხაა :)) და მათ შორის ინგლისურზეც 3 წლის ასაკიდან, შესაბამისად "საოცნებო" ინგლისურენოვან კლასში მიმიღეს და მეორე დღეს დედამ საბუთები ისევ გერმანულენოვან კლასში გადმოიტანა - გადაწყვეტილება ასე ამიხსნეს ოჯახში: ინგლისურს ისედაც სწავლობ, ახლა მეორე ენაც ისწავლეო (ნუ, რა მნიშვნელობა აქვს იმის თქმას, რომ 10-12 წლის ასაკში მეორე და მეათე ენის სწავლის საჭიროებას ვერ მივხვდი).

ერთი სიტყვით, სასკოლო ატესტატი, დამსახურებული და სწორი "ფრიადებით" გერმანულში და გერმანულად საუკეთესოდ თარგმნის რესპუბლიკის ოლიმპიადის დიპლომი, სამწუხაროდ, მოგონებად დამრჩა (ფაქტები ძველ, გაცვეთილ საქაღალდეშია შენახული საგულდაგულოდ :)), რადგან არასდროს, თვით გერმანიაში სტაჟირების, კონფერენციებში მონაწილეობისა თუ გერმანელ პარტნიორებთან მოლაპარაკებების დროს არ გამომიყენებია (და არ დამჭირვებია გამოყენება). 

2. 15-20 წლის წინ
გვახსოვს საშინელი 90-იანი წლები, თითქმის ყველას ერთნაირად გვახსოვს უშუქობა, სიცივე, უიმედობა, სიდუხჭირე (მე ნამცხვარი "სიგუაც" მახსოვს :) ). მახსოვს როგორ მინდოდა ინგლისურის სწავლა, მაგრამ მოსამზადებელი ფული არ ქონდა ჩემს ოჯახს და მახსოვს ბავშვობისროინდელი "ეკერსლი" და "ბონკი" (ახალ თაობას არ ეცოდინება და ეს იყო ფართოდგავრცელებული ინგლისური ენის შესასწავლი წიგნები) რომ გადმოვიღე და ხელახლა დავიწყე მეცადინეობა (მიზანი არ ვიცი რა იყო, უბრალოდ ემოციურ დონეზე ვგრძნობდი, რომ უნდა მესწავლა :)) და ვსწავლობდი გაუჩერებლად. მერე სადღაც კასეტები (ესეც ჩემს თაობას თუ ეხსომება :)) მათხოვეს, მერე ბიბლიოთეკაში ვნახე ადაპტირებული მხატვრული ლიტერატურა და ფაქტიურად ლექსიკონს ვკითხულობდი და არა ლიტერატურას, მერე წერა დავიწყე და მერე აღმოვაჩინე, რომ ინგლისურად საუბარი და მოსმენა არა, მაგრამ კითხვა, წერა, თარგმნა და აზრის გამოტანა უკვე შემეძლო.

მერე - სოციოლოგიის ფაკულტეტზე ჩაბარების სურვილი ამერიკულ უნივერსიტეტში, ვარშავაში და ღამეების თენება ტოიფელის გამოცდისთვის, მერე დაკლებული ქულები (არავინ არ დამაკლო, უნივერსიტეტის მოთხოვნას დააკლდა 8 ქულა) :)

მერე - პრაქტიკა ერთერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში, სადაც მიღების ერთ-ერთი კრიტერიუმი ინგლისური ენის ცოდნა აღმოჩნდა და პირველი სამსახური (ეს განცდაც ერთნაირი აქვთ ადამიანებს, ასე მგონია).

მერე ასპირანტურაში მისაღები გამოცდები იყო - ინგლისურში 5-იანი მოვითხოვე, არ მიწერდნენ, მაგრამ მეც არ ვნებდებოდი - შემეკითხეთ და თუ ვერ გიპასუხებთ, მხოლოდ მაშინ გავალ ოთახიდან-თქო :)

3. 10-12 წლის წინ

პირველად ჩემს ცხოვრებაში - ამერიკაში (აშშ) სადისერტაციო თემის დასამუშავებლად 4-თვიანი კვლევა, ამერიკის მთავრობის დაფინანსებით (თუ როგორ შეცვალა ამ მოკლე ვიზიტმა ჩემი პროფესიული ცხოვრება (და ალბათ არა მარტო ჩემი და არა მარტო პროფესიული)), ამაზე ოდესმე დავწერ, ან მოვყვები :)

და ამერიკაში ყოფნის დრო მიღებული ელ-ფოსტა (2000 წელია), რომ უნივერსიტეტი ეძებს ახალგაზრდა მკვლევარს (ასპირანტს), ინგლისურის ცოდნით გერმანიაში სტაჟირებისთვის და თუ ხართ თანახმა თქვენი კანდიდატურა წამოვაყენოთო. რა თქმა უნდა!

და ასე შემდეგ........................

და ფაქტია, რომ არა ჩემი ცოდნა ინგლისური ენისა, მე ამ გზას ვერ გავივლიდი. შესაძლოა სხვა გზა გამევლო, არ ვიცი, მაგრამ მე ეს გზა მინდოდა :)

საერთოდ არ მიყვარს ერთეული შემთხვევების განზოგადება, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც დარწმუნებით შემიძლია ვთქვა:
ინგლისური ენის ცოდნამ ხელი შემიწყო არა მხოლოდ ჩემს პროფესიულ განვითარებას, არამედ კარიერული თვალსაზრისით (ცოდნა ყოველთვის ფასეულია და განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ბიძაშვილ-მეგობრობა აღარაა საკმარისი დასაქმებისთვის, თვით შევარდნაძის პერიოდშიც კი :)) აქვე უნდა ვთქვა, რომ რუსული უკეთესად ვიცოდი (!) ჩემს სპეციალობაში არც მაშინ და არც დღეს, ვერ დავიკვეხნით ქართულენოვანი ლიტერატურით და შესაბამისად რუსულენოვანი ლიტერატურით ვსწავლობდით ქართულენოვან სექტორზე :) და რა თქმა უნდა თავის დროზე რუსულმა დიდი დახმარება გაუწია ჩემს თაობას, რადგან სხვა , უცხოურენოვანი ლიტერატურა პრაქტიკულად ხელმიუწვდომელი იყო.

ამ დროს ჩვენს სკოლებში კვლავ რუსული ენა პრევალირებდა, თუმცა ვისაც კი ეძლეოდა საშუალება, კერძოდ ამზადებდნენ ბავშვებს ინგლისურ ენაში - ანუ, სამწუხაროდ,  სკოლა ვერ პასუხობდა საზოგადოებრივ დაკვეთას, მაგრამ კარგად ვიცით, რომ ბევრ ოჯახს ამის საშუალება არ ქონდა, განსაკუთრებით რეგიონებში იყო ხელმიუწვდომელი ინგლისური ენის სწავლა (უმეტეს შემთხვევაში) და ამის გამო, ჩვენი ბავშვები (და შემდეგ უკვე ახალგაზრდები) გარკვეულწილად ნაკლებადკონკურენტულები იყვნენ, განსაკუთრებით ახალი ინფორმაციის მოძიება-გადამუშავების და გამოყენების თვალსაზრისით.

რა ხდება დღეს?
მე პირადად ამაყი ვარ (მაპატიეთ), რომ ისეთ სტრატეგიულ დოკუმენტში, როგორიცაა ეროვნული სასწავლო გეგმა, ჩვენ შევიტანეთ ინგლისური ენა, როგორც სავალდებულო პირველი უცხოური ენა (აპოლიტიკური ჩანაწერი რომ გამოვიდეს, არ დავწერ ვისი ინიციატივა იყო), პირველივე კლასიდან. ამით საშუალება ეძლევა ყველა ბავშვს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ინგლისური ენის შესწავლაზე!
რა თქმა უნდა, გამოწვევებზე თვალს ვერ დავხუჭავთ - ერთი ჯოხის აქნევით 2400 სკოლაში ინგლისურენოვანი პედაგოგი ვერ გაჩნდება, ისიც თანამედროვე მეთოდოლოგიით შეიარაღებული, მაგრამ რამხელა ხელშეწყობაა იგივე ინგლისურენოვანი მოხალისეების ჩამოყვანა და სკოლებში გადანაწილება - არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის, არამედ პედაგოგებისთვისაც.

ბოლოსიტყვაობის ნაცვლად :)
მსოფლიო აკადემიური, პროფესიული ცხოვრება ინგლისურ ენაზე მიედინება. უკრაინაში, მოლდოვაში, აზერბაიჯანში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, იორდანიაში, ჩეხეთში, შვეიცარიაში, ბულგარეთში, პოლონეთში და თვით რუსეთშიც კი - საერთაშორისო შეხვედრების ოფიციალური ენა ინგლისურია!

აკადემიური, პროფესიული ლიტერატურა ყველაზე დიდი რაოდენობით და ყველაზე მაღალი ხელმისაწვდომობით - ინგლისურადაა

უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობა, საქმიანი მოლაპარაკებები - ინგლისურად მიმდინარეობს 

ბევრი ევროპული ქვეყნის სასწავლო გეგმაში ინგლისური პირველ უცხოურ ენადაა მოთხოვნილი, რაც თავისთავად მეტყველებს ამ ენის მნიშვნელობაზე.

და ამიტომ, ჩვენმა შვილებმა უნდა იცოდნენ ეს ენა, ეს მათი მომავლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა!
და ინგლისური ენის ცოდნა არ გამორიცხავს სხვა უცხოური ენების ცოდნას, მეტიც მულტილინგვური (ანუ მრავალენობრივი) კომპეტენციის ადამიანები გაცილებით უკეთეს შედეგებს აჩვენებენ სხვა დისციპლინებშიც და ეს არაერთმა სამეცნიერო კვლევამ დაადასტურა. ამიტომაც 12 -წლიანი განათლების მანძილზე სავალდებულოდ 2 უცხოური ენა უნდა ასწავლოს ბავშვს სკოლამ (სასწავლო გეგმის მოთხოვნაა).

კვირა დილა იმით დაიწყო, რომ ერთ დიდ ყუთში თავმოყრილი 11 წლის ნაგროვები, ნაჩუქი, გადმოწერილი და დაარქივებული კომპაქტ-დისკების დახარისხება გადავწყვიტე, რომელიც უკვე 1 წელია მიდევს ახალ სახლში და რომელთან მისვლასაც შემდეგი კვირისთვის ვდებდი. არ დავმალავ და ცოტა მეშინოდა კიდეც. მეშინოდა იმის, რომ ოდესღაც ამერიკაში ცხოვრებისას ამაზონიდან გამოწერილი და ჩემს townhouse-ში მიღებული უნიკალური დისკები იქ არ აღმოჩენილიყო, ან დამტვრეული ყოფილიყო, ან... რავიცი.

ამერიკაში ცხოვრებისას (სადაც სადისერტაციო თემას ვაკეთებდი 2000 წელს, რამდენიმე თვე) მთელი ჩემი ავლადიდება 2 ჩემოდანში და 6 ყუთში ჩაეტია :) ეს 6 ყუთი წიგნებისა და დისკებისგან შედგებოდა, რომელიც სიძვირის გამო ჩემმა უნივერსიტეტმა არ გამომატანა, არამედ გამომიგზავნა ფოსტით (აქვე დიდი მადლობა მათ, თუმცა ქართულად ვერ წაიკითხავენ). და მინდა ვთქვა, რომ არც-ერთი წიგნი და არც ერთი დისკი არ დაკარგულა! (მაშინდელი თბილისური ფოსტის პირობებში ბანდეროლები ძირითადად გახსნილი ბარდებოდა ხოლმე ადრესატს, ან ნივთმოკლებულიო, ასე ყვებიან). 

ამ უნიკალურ დისკებს შორის ყველაზე ძალიან ლლასა მიყვარდა (მიყვარს კიდეც) (Lhasa de Sela), რომელიც დიდხანს ვეძებე თავად ამერიკაშიც კი და როგორღაც მივაგენი used ვერსიას მაშინ, ამაზონზე.
ლლასა გადარჩა, უფრო სწორედ, დისკი ცოცხალი იყო და ლუი არმსტრონგის გარეკანში იდო. მერე აღმოვაჩინე, რომ დისკები არეულიყო, ბენსონი მანჰეტენ-ტრანსფერის ყდაში, მანჰეტენ ტრანსფერი - ჯო კოკერის ყდაში, ხოლო ჯო კოკერი - საქართველოს ისტორიის ყდაში იყო და ასე შემდეგ. დიდხანს ვახარისხე.

მერე ჩავრთე. რაც მთავარია ბავშვებს აინტერესებდათ "ეს ჯაზი". და რაც მთავარია ბავშვებს მოეწონათ (ყოველ შემთხვევაში ენკი-ბენკიზე მიმდინარე მულტფილმისკენ არც გაუხედიათ) :) ნიკას რეპლიკა: დედა, აქამდე რატომ არ გვასმენინებდიო, ვერ გავიგე თავაზიანობად ჩამეთვალა (ზოგადად ძალიან თავაზიანი ბავშვია) თუ ინტერესად, ამიტომ მინი გამოცდა მოვაწყვე: დღეს დილით დავტოვე ზემოდან რამდენიმე დისკი და ჩართული კომპიუტერი, საღამოს გავიგებ ინტერესის სიღრმეს :)

მანამდე კი სამსახურში ელის რეჯინას (Elis Regina) დისკი წამოვიღე, შრომის კოდექსით დადგენილი კუთვნილი 1 საათიანი შესვენების დროს გასახსენებლად :) ამ მომღერალზე კი ღირს ცალკე გაიხსნას თემა მერე, ოდესმე.

Originally posted by giamurgulia at აღზრდის სისტემა სკოლაში
სკოლაში ადამიანის, პიროვნების აღზრდა უმთავრესი ამოცანაა. ვისაც ჭკუა მოეკითხება (მსოფლიოს გამორჩეული პოლიტიკოსები,პედაგოგები, ფსიქოლოგები), აცხადებს, რომ მხოლოდ ინტელექტის განვითარება საზოგადოებისთვის დიდი ვერაფერი საშველია ემოციის განვითარების გარეშე. მიზანი მხოლოდ ადამიანი შეიძლება იყოს და არა ოდენ კარგი სპეციალისტის "მიღება". რას ვაკეთებთ ჩვენ ყველანი, ოჯახებსა თუ სკოლებში, პიროვნების ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის? რას ვისახავთ მიზნად (მიზნებად) და როგორ ვცდილობთ ამ მიზნის (მიზნების) მიღწევას? - ამჯერად ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაზე მოგახსენებთ.

მთავარია, როგორ ყალიბდება ბიოლოგიური არსება სოციალურ არსებად - საზოგადოების წევრად. ამის პარალელურად, არსებითია, როგორ იპოვის მოსწავლე თავის მოწოდებასა და საკუთარ ადგილს ადამიანთა ერთობაში. უნიჭო კაცი არ არსებობს - ყველა რაღაცისთვის დაიბადა ამ ქვეყანაზე. სკოლის ამოცანაა, მოზარდს გააცნობიერებინოს, რა უნდა აკეთოს მან ცხოვრებაში ("ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო..." - დავით გურამიშვილი). გააცნობიერებინის და მერე დაეხმაროს საკუთარი ნიჭის განვითარებაში. მაგრამ ეს საკითხის მხოლოდ ერთი მხარეა. არანაკლებ მნიშვნელოვანია შემდეგი მომენტები: 

1. ნებისყოფის განვითარება (პიროვნება არ არსებობს ნებისყოფის გარეშე. საკუთარი სურვილების მონა ყოველთვის პრობლმაა, მაშინ როდესაც ამ სურვილების ბატონი სათნოების სათავეა საზოგადოებისთვის - "რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა" - რუსთველი)
2. დამოუკიდებლად გადაწყვეტილებათა მიღების უნარი (ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა სწორედ ეს არის - ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ იღებს პასუხისმგებლობას დამოუკიდებელ გადაწყვეტილებაზე)
3. მიზნის მიღწევის ალგორითმის გააზრების კულტურა (ჩვენში არსებობს "დაუყოვნებლივი ეფექტის" ზღვარგადასული მომთხოვნელობა - ყველაფერი თითქოს "ერთ ნაბიჯამდე" დაიყვანებოდეს. "ჯერ" და "მერე", მითუმეტეს - გადასადგმელ ნაბიჯთა თანმიმდევრობის გააზრება და განცდა, ბევრისთვის ცხოვრების აღქმის მიუწვდომელი სიმაღლეა.)
4. მიზანმიმართული სწრაფვა და შეუპოვრობა მიზნის მიღწევისას (ქართველი სწავლულები აღნიშნავენ, რომ ის, რაც ერთბაშად, უცბათ, ერთი ხელის დაკვრით არის გასაკეთებელი, ჩვენ "ისტორიულად" კარგად ვაკეთებთ, მაგრამ რაც ხანგრძლივ ზედმიწევნით ზუსტად გააზრებულ და შეუპოვარ მცდელობებს გულისხმობს, ხშირად ვმარცხდებით ხოლმე)
5. ისტორიისა და თანამედროვეობის ობიექტური ხედვა (ჩვენი ისტორია, არცთუ იშვიათად, სუბიექტური ხედვის ნიმუშია და "საზრისის" გარეშე ფაქტების მონაცვლეობად აღიქმება, ბევრი შეხედულება გადაფასებასა და ხელახალ გააზრებას მოითხოვს).

მხოლოდ ამ ხუთი მომენტითაც რომ შემოვიფარგლოთ (ჩამონათვლის გაგრძელებაც შეიძლება), ნათელია, რომ ჩვენ ქვეყანასა და საზოგადოებას, ჩვენს სკოლას ბევრი რამ აქვს გასააზრებელი და გასაკეთებელი ადამიანის, პიროვნების, საზოგადოების ღირსეული წევრის უკეთ აღზრდისთვის. ბევრი ცემი კოლეგა, იმედია, დამეთანხმება, რომ რაც მოგახსენეთ, ეს საკითხები არათუ ყოველდღიურად წყდება ჩვენს სკოლებში, არამედ, ხშირად, საერთოდ, მნიშვნელოვან ამოცანადაც არ დგას პედაგოგთა, მოსწავლეთა და მშობელთა წინაშე. ამიტომაც არის, ცემი აზრით, რომ განვითარებისას ჩვენ ყველანი თავს ვერ ვარიდებთ ხოლმე კონფლიქტებსა და შეითანხმებლობას - საზოგადოებრივი ტანაცხოვრების კულტურა ხომ, დიდწილად, აღზრდის სისტემის ვარგისობა-უვარგისობას (გაცნობიერებ-გაუცნობიერებლობას) ეფუძნება.

მე არ ვამბობ, რომ ამ საკითხზე არ ვფიქრობთ - უბრალოდ, გაცილებით მეტი ფიქრიც არის საჭირო და ძალისხმევაც, ამჯერად არაფერი მითქვამს საკუთრივ აღმზრდელებზე (ხომ დიდი ხანია ცნობილია, რომ პიროვნებას მხოლოდ პიროვნება შეიძლება ზრდიდეს), მაგრამ ჩვენი საერთო ფიქრი, ეჭვი არ არის, ამ თემასაც უახლოეს ხანს შეეხება.

დაბოლოს, ამ წერილის სათაურში ტყუილად არ მიხსენებია სიტყვა "სისტემა". ცალკეული (თუნდაც - კარგი) აქტივობები ბევრს არაფერს წყვეტს - ჯაჭვი ყველგან ძლიერი და მტკიცე უნდა იყოს, თორემ სად გაწყდება, ჩვენთვის სულ ერთი არ არის?!

Originally posted by natiajoxadze at რა სარგებლობა მოაქვს ეროვნულ სასწავლო გეგმას (1)
როგორც წინა თემაში შეგპირდით (იხ. ინფორმაციული ტექნოლოგიების როლი განათლებაში), მინდა მოკლედ (რამდენად მოკლედ გამოვა, ვერ გპირდებით) გაგაცნით ეროვნული სასწავლო გეგმა და შევეცადო ჩამოვაყალიბო მისი მნიშვნელობის საკითხები ჩვენი შვილების აღზრდის, განათლების, მოტივაციის, რეალიზების, სოციალური აქტიურობის და ადამიანად, პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში.

სურვილი მექნებოდა, შეიქმნას ციკლი , რომესაც დავარქმევ: "რა სარგებლობა მოაქვს ეროვნულ სასწავლო გეგმას" (1,2,3,4 და ა.შ), რადგან ძალიან რთულია ერთ "სტატიაში" ჩაატიო ყველა ინფორმაცია ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ და ამავდროულად ყველანაირად ეცადო, რომ ეს ინფორმაცია არ იყოს დატვირთული ძალიან სპეციფიური ტერმინებით, რათა მკითხველს გაუადვილდეს მისი მიღება. მკითხველებში მხოლოდ პროფესიონალებს არ ვგულისხმობ. მასწავლებლებთან ერთად, ჩვენ, მშობლები უზარმაზარ როლს ვთამაშობთ ჩვენი შვილების ჩამოყალიბება-განათლებისა და განვითარების პროცესში, ამიტომ ძალიან მინდა, მშობელმა გაიგოს ის, თუ რომელი დოკუმენტი განსაზღვრავს მისი შვილის ცოდნის დაუფლების პროცესს სკოლაში და რას წარმოადგენს ეს დოკუმენტი. 

ამ ჩანაწერში მინდა მოკლედ განვმარტო რა არის ეროვნული სასწავლო გეგმა, რა დანიშნულება აქვს მას და როგორაა ის ორგანიზებული.

1. რა არის ეროვნული სასწავლო გეგმა (ესგ)?
ეროვნული სასწავლო გეგმა არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული ნორმატიული დოკუმენტი (დაახლოებით 2 000 გვერდამდე), რომლის საფუძველზეც ხორციელდება სწავლა-სწავლების პროცესი საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (უფრო მოკლედ - სკოლებში). სასწავლო გეგმით განისაზღვრება თუ რას, როგორ, რამდენს ვასწავლით. ამასთანავე არ დაგვავიწყდეს, რომ ესგ არის ე,წ, "მოსწავლის სტანდარტი", ანუ სასწავლო გეგმა აყალიბებს იმ მიზნებსა და შედეგებს, თუ როგორი მოსწავლე გვსურს გავზარდოთ, რა უნარ-ჩვევებს, ცოდნასა და კომპეტენციას უნდა ფლობდეს ის ერთის მხრივ თითოეულ საგანსა და თითოეულ კლასში და მეორეს მხრივ ზოგადი განათლების დასრულების შემდგომ.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულია როგორც სწავლა-სწავლების ორგანიზაციული საკითხები, ასევე საათობრივი ბადე საგნებისა და კლასების მიხედვით და ყველაზე მნიშვნელოვანი - საგნობრივი სტანდარტები, თითოეული კლასის მიხედვით, არჩევითი საგნების სტანდარტების ჩათვლით.

ეროვნული სასწავლო გეგმის აღსრულება სავალდებულოა ყველა სკოლისთვის. ამასთანავე ამ დოკუმენტის საფუძველზე სკოლა ვალდებულია მოამზადოს სასკოლო სასწავლო გეგმა, სადაც დაზუსტებული იქნება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საკითხები - უფრო დეტალურად, მაგ.: სკოლის მისია, გაკვეთილების ცხრილი, პედაგოგები, სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო რესურსების ნუსხა, თუ სკოლას აქვს პროფილი (ანუ მაგალითად ფიზიკა-მათემატიკური ან უცხოური ენები), შესაბამისი სტრატეგიები, ინფორმაცია დამატებითი სავალდებულო საგნების, წრეების შესახებ და სხვა.

2. რა დანიშნულება აქვს ეროვნულ სასწავლო გეგმას ?
1. ესგ არის ქვეყნის მთავარი ოპერატიული დოკუმენტი ზოგადი განათლების სფეროში და მასში დეტალურადაა განვრცობილი ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები
2. ესგ წარმოადგენს მოსწავლის სტანდარტს, შესაბამისად, ის წარმოადგენს ზოგადი განათლების მოსწავლეზე ორიენტირებულ კონცეფციას
3. ესგ არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სავალდებულო, სამუშაო დოკუმენტი, რაზეც შენდება თითოეული სკოლის საგანმანათლებლო პროცესი
4. ესგ-ს საფუძველზე მზადდება მასწავლებლის სტანდარტი, როგორც ზოგად ნაწილში (უნარებში), ასევე პროფესიულ ნაწილში (საგნობრივი), რასაც შემდგომში ეფუძნება (უნდა ეფუძნებოდეს) მასწავლებლების სასერტიფიკაციო საგამოცდო პროგრამა და ტესტური დავალებები
5. ესგ-ს საფუძველზე მზადდება სკოლის გამოსაშვები (საატესტატო) გამოცდების საგამოცდო პროგრამა 8 საგანში
6. ესგ-ს საფუძველზე მზადდება უმაღლეს სასწავლებელში მისაღები ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროგრამა ყველა საგანში
7. ესგ-ს საფუძველზე მზადდება მოსწავლეთა აკადემიური ცოდნის ეროვნული და საერთაშორისო შეფასებების მოდელები და პროგრამები
8. ესგ-ს საფუძველზე ხდება დეტალიზება სკოლების ავტორიზაციის პროცესის (აქ სხვა მოთხოვნებიცაა რასაკვირველია)
9. ესგ-ს საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილებები, თუ კონკრეტულად რომელი დამხმარე საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება იქნას შეთავაზებული სკოლებისთვის
10 ესგ-ს საფუძველზე მზადდება სახელმძღვანელოები (მოსწავლის და მასწავლებლის) და მიმდინარეობს გრიფირების (გრიფირების თემაზე სხვა დროს დავწერ) პროცესი

3. როგორაა ორგანიზებული ეროვნული სასწავლო გეგმა?

როგორც მოგახსენეთ, ესგ დაახლოებით 2000 გვერდიანი დოკუმენტია. ის 3 მთავარი ნაწილისგან შედგება:

1. სწავლა-სწავლების ძირითადი პრინციპები. აქ თქვენ ნახავთ ინფორმაციას: ზოგადი განათლების საფეხურები და მათი ამოცანები, სასწავლო წლის კალენდარი, მოსწავლეთა რაოდენობები კლასში, დამრიგებლები, საგნობრივი კათედრები და მათი ფუნქციები, საგანმანათლებლო რესურსები და მათი ტიპები, სასკოლო სასწავლო გეგმა, მოსწავლის აკადემიური შეფასების სისტემები, აკადემიური მიღწევების დონეები, ქულების დაანგარიშების წესები, გაცდენები და გამოცდები, ინკლუზიური განათლება,  ძირითადი მეთოდიკური ორიენტირები, სავალდებულო და არჩევითი საგნების ნუსხა და ჯგუფები და პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები (ეს უკანასკნელი გთხოვთ დაიმახსოვროთ, რადგან მას ცალკე სერია მიეძღვნება, უმნიშვნელოვანესი თემაა)

2. საათობრივი განაწილების ძირითადი პრინციპები - დეტალური ინფორმაცია საათობრივი დატვირთვების შესახებ კლასებისა და საგნების მიხედვით ქართულენოვანი და ეროვნული უმცირესობების სკოლებისთვის; ასევე, შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა კლასებისა და საგნების მიხედვით და აბიტურისთვის გამოყოფილი საათების რაოდენობა საგნების მიხედვით.

3. საგნობრივი პროგრამები (თითოეული კლასის მიხედვით თითოეულ საგანში)
საგნობრივი პროგრამა მოიცავს საგნის სწავლების მიზნებსა და ამოცანებს, შეფასებების კომპონენტებს საგნის მიხედვით, შემაჯამებელ დავალებათა ტიპებს, შეფასების რუბრიკებს, და უშუალოდ საგნობრივ სტანდარტს - თითოეული კლასის ბოლოს მისაღწევ შედეგებსა და ამ შედეგების შესამოწმებელ ინდიკატორებს და სავალდებულო და სარეკომენდაციო შინაარსობრივი საკითხების ჩამონათვალს.
მარტივი მაგალითისთვის მოვიყვან ამონარიდს ქართული ენისა და ლიტერატურის პირველი კლასის საგნობრივი სტანდარტიდან:

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები (სულ 15 შედეგი)
მიმართულება: ზეპირმეტყველება
ქართ.  I. 3. 
მოსწავლეს შეუძლია მართლმეტყველების ელემენტარული წესების დაცვა.

მიმართულება: კითხვა
ქართ. I. 8. მოსწავლეს შეუძლია პრაგმატული ხასიათის მარტივი ტექსტის (მაგ.,  ინსტრუქციის, მენიუს, საყიდლების სიის, აბრისა და ა.შ.) წაკითხვა და გაგება.

1.8. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე (ინდიკატორები, თუ როგორ შევამოწმოთ მივაღწიეთ თუ არა შედეგს):

  • დამოუკიდებლად იგებს სავარჯიშოს პირობას;
  • იგებს და ასრულებს მარტივი ენით დაწერილ სამ ან ოთხსაფეხურიან ინსტრუქციებს   (მაგ., მითითებების მიხედვით ამზადებს დეკორაციას, დესერტს, ქმნის მარტივ ნაკეთობას და სხვ.);
  • ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას.
რა თქმა უნდა მოსწავლის მისაღწევი შედეგები მომდევნო კლასებში რთულდება და გადის უფრო რთულ და კომპლექსურ კომპეტენციებზე. ამასთანავე სტანდარტში მოცემულია სავალდებულო შინაარსობრივი ჩამონათვალი როგორც ლიტერატურის, ასევე ენობრივი (გრამატიკული) კომპეტენციების მიმართულებით.

4. არჩევითი საგნები (ამ ეტაპზე 40-მდე არჩევით საგანს ვთავაზობთ მოსწავლეებს მეათე კლასიდან)

მაპატიეთ, თუ ცოტა გამიგრძელდა, მაგრამ ნამდვილად ჩავთვალე პროფესიულ მოვალეობად ამ ჩანაწერის მომზადება და გავრცელება, რადგან, კიდევ ერთხელ, ეს თითეულ ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. ასევე დიდი ინტერესით მივიღებ თქვენს შენიშვნებს, კრიტიკას, კომენტარებს და ჩავერთვები დისკუსიებში, მზად ვარ დაგიზუსტოთ, დეტალურად მოგაწოდოთ ესგ-სთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია და არსებული ელექტრონული რესურსები. ესგ-ს სრული ვერსიის სანახავად შეგიძლიათ ისარგებლოთ ვებ-გვერდით: www.ncac.ge მენიუში: ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016.

ოდესღაც მეც ვიყავი ახალგაზრდა - ზუსტად ასეთი სიტყვები ვთქვი დღეს დილით, როდესაც საინფორმაციო სამსახურმა გვამცნო, რომ ცნობილი რუსი როკ-მომღერალი და მუსკოსი ზემფირა (რამაზანოვა) თბილისში ჩამოდის კონცერტით. პარალელურად ყავის ბოლო წვეთებს აღარ ვაგემოვნებიდი, უბრალოდ ვსვამდი და წვრილი ბურჟუის აკურატულობით სამზარეულოს მოწესრიგებას ვცდილობდი სამსახურში წასვლამდე.

10 თუ 11 წლის წინ (როდესაც რუსული ესტრადა ჯერ კიდევ მასობრივად ათბობდა ჩემი თანამემამულეების გულებს) ზემფირას გამოჩენა მალამოსავით დაედო პოპ-ესტრადისგან გაბეზრებულ მსმენელს (რატომღაც სულ მახსენდება სიტყვები ერთერთი იმდროინდელი რუსული ესტრადის "შედევრიდან" - ტრი კუსოჩეკა კოლბასკი . . . ლალალა). კაბრიოლეტები, ცრემლები, კოცნები, ღალატები, მონატრებები............ და უცებ გამოჩნდა ახალგარზდა, სევდიანი, მაგრამ მობილიზებული, ანარქისტი მომღერალი და იმღერა დინჯი და ნაფიქრი ტექსტები და უმალვე დაიპყრო გულები (ოღონდ იმათი ვერა, ვისაც ზემოხსენებული ტექსტის შესაბამის მუსიკაზე მუხლები ერჩის საცეკვაოდ). 1

10 თუ 11 წლის წინ, ნახევრად ჩამქრალ, მთლიანად გაყინულ, სევდიან და უიმედო თბილისში რთულად, წვალებით, ხანგრძლივად ვიწერდით და ვიწერდით ზემფირას სიმღერებს მაშინდელი ნელი, ზანტი და არასაიმედო ინტერნეტის საშუალებით და ვუსმენდით სევდიან-რომატიკულ-რევოლუციურ-ინტელექტუალური განწყობების გასამძაფრებრად, საკუთარი თავების შესაყვარებლად ან იმისთვის, რომ იმედი არ დაგვეკარგა და ნდობა ადამიანის.

მერე გავიდა წლები, ვიღაც გაქრა, ვიღაც დაიბადა, ვიღაც მოკვდა, ვიღაცამ იქორწინა, ვიღაც დაივიწყეს, რაღაც აშენდა, რაღაც დაინგრა, რაღაც მიაშენეს და რაღაც გააუქმეს, რაღაც დაიწერა, სადღაც მღეროდნენ, სადღაც ტიროდნენ, სადღაც ჩხობობდნენ და სადღაც ოცნებობდნენ - ერთი ადამიანისთვის მთელი ეპოქა გავიდა, ისტორიისთვის 10 წელი და სამყაროსთვის წამი ან ყველაფერი პირიქით.

და აღმოვაჩინე, უკანასკნელი 10 წლის, საკუთარი ცხოვრების დათვალიერება მომინდა.

კონცერტზე წავალ.

პ.ს. მე არ გახლავართ მუსიკის კრიტიკოსი და არ მომეთხოვება პროფესიონალურად წერა, ამდენად სიტყვების ზუსტად შერჩევის შემაწუხებელი ვალდებულება, თავიდან მაქვს აცილებული, მათ შორის ამ მოკლე ჩანაწერშიც.

ესეც ასე, პირველი (სერიოზული :)) თემა.
ალბათ ყველას გვახსოვს 2010 წელი, როდესაც საინფორმაციო წყარობში გამოცხადდა, რომ "კომპიუტერი" უნდა გვესწავლებინა სკოლის ბავშვებისთვის თანაც სკოლაში!

ისიც გვახსოვს, რომ არაერთი სტატია დაიბეჭდა, სიუჟეტი მომზადდა, ექსპერტული აზრი გამოითქვა იმაზე, თუ რა სარგებლობა მოაქვს (ან არ მოაქვს) ადრეულ ასაკში "კომპიუტერის" სწავლებას. სიტყვა "კომპიუტერს" ბრჭყალებში ვსვამ ყველასთვის გასაგები მიზეზის გამო. რეალურად კი სფეროს, რომლის სწავლების ავ-კარგიანობაზე უკვე მეორე წელია ვმსჯელობთ, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ჰქვია, ანუ, როგორც ინფორმაციით "გადაჯერებულ" თანამედროვე სამყაროში შემოკლებულად იტყვიან ისტ (ქართულად, შესაბამისად - ისტ(ი)). ამავე სახელით შევიდა საგანი ასევე ყველასთვის ცნობილ ეროვნულ სასწავლო გეგმაში (მათთვის, ვისთვისაც ეს უკანასკნელი არაა ცნობილი, სპეციალურად მომზადდება თემა).

ერთი სიტყვით, მოვლენები ასე განვითარდა:
1. გამოცხადდა ინიციატივა;
2. შეიკრიბნენ ექსპერტები (ყველგან, როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ასევე სხვა ინსტიტუციებში, ტელევიზიებში, ოჯახებში და ა.შ);
3. ექსპერტებმა იმსჯელეს, იკამათეს, იდებატეს, მოილაპარაკეს და ჩამოყალიბდნენ (მე მხოლოდ იმ ექსპერტებზე ვწერ, ვისთან მუშაობის სიამოვნებაც თავად მქონდა და ამდენად, პირველწყაროს უფლებასაც გამოვიყენებ);
4. ექსპერტების ჩამოყალიბებული პოზიცია გაზიარებული იქნა როგორც სამინისტროში, ასევე პროფესიონალთა წრეებშიც;
5. და დაიწყო კონკრეტული საქმეები: შედგა საპილოტე პროგრამა, დაიწერა შედეგები, რესურსები, გამოიყო სკოლები, შეირჩნენ პედაგოგები, დაიწყო ტრენინგები და
6. 2010 წლის 15 სექტემბერს საქართველოს 3 000 (სამი ათასმა) პირველკლასელმა მოსწავლემ უსასყიდლოდ მიიღო სახელმწიფოსგან მათი პირველი ნეტბუქი (მოფერებით მას ბუკს ვეძახით :)) კერძო საკუთრებაში. ნუ, აქაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზოგიერთი მოსწავლისთვის ეს არ იყო პირველი კომპიუტერი, თუმცა სახელმწიფოსგან მიღებული პირველი ნამდვილად იყო!
7. ამის მერე, პირველი "ბუკელების" სიხარული, 2011 წელს უკვე სრულიად საქართველოს ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელებმა გაიზიარეს და როგორც ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენების დროს ხდება ხოლმე, სრულიად სამართლიანად დააამკვიდრეს ტერმინი "ბუკების თაობა" და "პირველი ბუკელები" :)
8. ისტ-ს გამოეყო კვირაში 2 საათი პირველ, მეხუთე და მეექვსე კლასებში, შესაბამისად, კარგი სწავლების შემთხვევაში (აქ და ყოველთვის გავიმეორებ - მასწავლებელი არის სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი სუბიექტი), ნუ გაგვიკვირდება, თუ ჩვენი მეექვსეკლასდამთავრებულისტნასწავლი ბავშვები, ჩვენს თაობას გადაასწრებენ ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით.

აქვე უნდა ავღნიშნო (შემდგომი მსჯელობის განსამტკიცებლად), რომ სულ პირველ ბუკელებში ჩემი უმცროსი შვილი, ელენეც მოხვდა, რომელმაც პირველად შეაბიჯა ფორმალური განათლების მნიშვნელოვან ინსტიტუციაში - სკოლაში ზუსტად 2010 წელს. მახსოვს მისი სიხარულით სავსე თვალები (მიუხედავად იმისა, რომ მისი დედიკო (ანუ მე) კომპიუტერის ხშირი, აქტიური მომხმარებელია და ეს მოწყობილობა ბავშვისთვის უცხო არ ყოფილა). ამასთანავე, საკუთრების უფლებათა 21-ე საუკუნის ღირსეულმა შვილმა, იმავე დღეს, თავისი საკუთრების აღნიშვნის (მონიშვნის) მიზნით და უფროსი ძმისთვის ხაზგასასმელად (რომელმაც ერთი წლით ადრე დაიწყო სწავლა და შესაბამისად, ბუკის მფლობელი ვერ გახდა) ახლადმოტანილ ბუკს ჯერ სახელი და გვარი დააწერა, მერე იფიქრა, მარტო ეს არ დამიცავსო და ბარბის, ფიფქიას, ფერიას, კონკიას, გულების, ყვავილების, ფისოების და სხვათა გამოსახულებები ჭრა და აწება, აწება, აწება . . . და აბა რომელი ჭკუათმყოფელი მეორეკლასელი ბიჭი გაბედავდა ამისთანა ბუკის ხელში აღებას? მცდელობაც არ ყოფილა და კონფლიქტი თავშივე ამოიწურა.

რადგან ყველა დედა ცდილობს საკუთარ შვილებს თანაბარი შესაძლებლობები შესთავაზოს და მითუმეტეს თანამედროვე ტექნიკაზე ხელმისაწვდომობაც თანაბარი იყოს, მეორეკლასელმა ბიჭმა (ნიკამ) დედიკოს პერსონალური (თუმცა საკმაოდ მოძველებული) კომპიუტერი მიიღო და პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციის მიმართულებით (ეროვნულ სასწავლო გეგმაში მას ციფრული წიგნიერება ჰქვია) მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

რა დასკვნას გამოვიტანდი საკუთარი გამოცდილებიდან?
1. კომპიუტერი გახდა ელენესთვის ძალიან მნიშვნელოვანი წყარო გამოავლინოს სხვადასხვა უნარები: ხატავს, წერს (მათ შორის მე მწერს წერილებს და ასევე აწარმოებს დღიურს ნიკას "ცელქობებზე", რომ არ დაავიწყდეს :)), იღებს ფოტოებს როგორც საკუთარს, ასევე კლასელებთან და მასწავლებელთან ერთად, უსმენს მუსიკას და უყურებს მულტფილმებს (აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით ინტერნეტი არ ჩამირთავს ბავშვებისთვის), თამაშობს სხვადასხვა საგანმანათლებლო თამაშებს (რა თქმა უნდა მან არ იცის, რომ ეს თამაშები საგანმანათლებლოა :)) და ცდილობს ლათინური ასოების შესწავლას - ანუ, ჩემი შეფასებით, ბავშვის განვითარება ციფრული წიგნიერების მიმართულებით სწორად მიდის.
2. კომპიუტერმა მისცა საშუალება შეისწავლოს მისი საყვარელი სიმღერების ტექსტები ("დაპაუზება", გამეორება), ანუ ისწავლოს მუშაობა საჭირო ინფორმაციის "შესაგროვებლად".
3. კომპიუტერმა მისცა საშუალება უკეთ გარკვეულიყო ლათინურ ანბანში, რაც აისახა კიდეც მისი ინგლისური ენის სწავლის სისწრაფეზე.
4. კომპიუტერმა მისცა საშუალება, სწრაფად და სხარტად ამოეცნო და ეწარმოებინა მისთვის რთული მათემატიკური ოპერაციები (ვიტყოდი - არითმეტიკა ჯერ 10-ის, მერე 20-ის და ა.შ ფარგლებში)
5. და ბოლოს, კომპიუტერის საშუალებით, ბავშვი იღებს ისეთ ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა სულაც არ აღმოჩენილიყო მის სახელმძღვანელოში (მაგალითად სპლიყვი რომ სპილოს ნაშიერს ჰქვია :))

ყველაფრის მიუხედავად, 2 მნიშვნელოვან ასპექტზე გავამახვილებდი ყურადღებას (მათ შორის პირველი, როგორც აქსიომაა ჩემთვის):
1. ასაკთან შესაბამისი დრო უნდა გამოიყოს კომპიუტერის მოხმარებისთვის - პირველ ჯერზე მაქსიმუმ 20 წუთი დღეში, უკვე მეორე კლასში ეს დრო შეიძლება 40 წუთამდე გაიზარდოს და ა.შ
2. მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ინტერნეტის ხელმისაწვდომობა ამ ასაკში (ანუ სულაც ნუ ჩავურთავთ ინტერნეტს), ხოლო ციფრული წიგნიერების პროცესს ხელი რომ არ შეეშალოს, შესაძლებელია გარკვეული პერიოდები გამოიყოს ინტერნეტისთვის, მაგალითად, კვირაში 20 წუთი ან სხვა (მე იმედი მაქვს განათლების ფსიქოლოგები უკეთეს გრაფიკს შემოგვთავაზებენ)

და, ბოლოს, ჩემთვის და ჩემი თაობისთვის (წიგნის ფურცლების სუნზე მაღალინტელექტუალურ საუბრებს დღესაც რომ ვაგრძელებთ) ყველაზე მნიშვნელოვანი:
კომპიუტერმა ვერ ჩაგვინაცვლა წიგნი (გახსოვთ ალბათ ამაზე წუხილიც), მეტიც, ბავშვები გაკვეთილებს ამზადებენ სახელმძღვანელოებიდან, დამატებით მასალებს ეძებენ ასევე წიგნებში და საყვარელ ზღაპრებსაც (ნუ უკვე მოთხრობებს და ისტორიებს) წიგნში კითხულობენ. ისევ ისე აქვთ სურვილი ჰქონდეთ სახატავი რვეული, ფერადი ფანქრები, პლასტელინები, ფერადი ქაღალდები, ამოსაჭრელები, "მისაწეპებლები" და ყველაფერი ის, რაც მათ ხელში იგრძნობა.

მაშ ასე, მას მერე თითქმის 2 წელი გავიდა. რა შეიცვალა ან/და რა არ შეიცვალა ჩვენი და ჩვენი შვილების ცხოვრებაში "ბუკის" შემოსვლით? რა გვინდა რომ გაუმჯობესდეს, შეიცვალოს, განვითარდეს? როგორ ხედავს საზოგადოება განათლების სამინისტროს საქმიანობას ამ მიმართულებით და რა უნდა ვიცოდეთ მშობლებმა, როდესაც პაწაწინა 5-6-7 წლის ბავშვებს კომპიუტერთან "ვტოვებთ"? 

ყავა არ გაგიცივდეთ, გელით :) 

ჩემი პირველი მცდელობა დავუმეგობრდე თანამედროვე ინფორმაციულ ტექნოლოგიებს - ანუ, როგორც ეხლა მოდაშია - გავხსნა საკუთარი "ბლოგი".

პირველ რიგში ცოტა რამ ფორმისა და შინაარსის შესაბამისობაზე - ანუ ბლოგის დიზაინზე. ვინაიდან არსებული რესურსები რაიმე უფრო კონცეპტუალური ფონის საშუალებას არ იძლევა, შევეცადე სასაუბრო გარემო შემექმნა ფინჯან (თუნდაც მუყაოს-ფინჯან) ყავაზე. ეს ვირტუალურად, რა თქმა უნდა. ამდენად, ბლოგი გახსნილია, მისი ფუნქციები მეტ-ნაკლებად გარკვეულია, ყავა დასხმულია და ვიწყებთ საუბრებს.

საუბრები სტუმრების გარეშე, "არაბლოგურია". "ყავა" ბევრი სტუმრისთვისაა მომზადებული და შესაბამისად ვიწვევ ყველას, ვისაც კი ფინჯან ყავაზე სერიოზული თემების სერიოზულად განხილვა სურს.

რადგანაც თემები ვახსენე, მათ შორის სერიოზული, მნიშვნელოვანია იქნება სტუმრების საორიენტაციო მომზადება ჩემს ბლოგზე დაგეგმილი თემებისა და ე.წ. ინტერნეტ "დრეს-კოდის" თაობაზე.

მაშ ასე, თემები:

პროფილის (Profile) შევსებისას ბევრი ინტერესი "ჩამომეწერა". მერე დავფიქრდი,  რამე ზედმეტი ხომ არ მიწერია-თქო. ერთი-ორი ინტერესი წავშალე :) ასე ვთქვათ, გავწურე ინტერესთა სფერო და დავტოვე "ჭეშმარიტი ინტერესები". "ბლოგი" ადგა და ანბანის მიხედვით დაალაგა ისინი, მე კი თანმიმდევრობას არ მივანიჭებ რაიმე დატვირთვას. ინტერესებზე საუბარი იმიტომ დავიწყე, რომ ჩემს ბლოგზე მომავალში დაგეგმილი თემების შესახებ მეცნობებინა და შესაბამისად ყველა დაინტერესებული ადამიანი ჩამეყენებინა საქმის კურსში. ამასთანავე, "დიასახლისის" (host) შესახებ მცირეოდენი ინფორმაცია მომეწოდებინა.

რატომ და როგორ გაჩნდა ზემოაღნიშნული ინტერესები ჩემს ინტერესთა ნუსხაში, მოკლედ აიხსენება:
1.
არქიტექტურა - პროფესიაა, უფრო ზუსტად, 6 წელი ვსწავლობდი ტექნიკურ უნივერსიტეტში, კვალიფიკაცია - არქიტექტორი. ათასჯერ რომ დავიბადო ათასჯერვე ამ პროფესიას ავირჩევ! ჩემთვის ეს პროფესია ცხოვრების წესი და ხედვაა (და არნაირ კავშირში არაა დაპროექტებულ-დახაზული შენობების რაოდენობასთან).
2. სოციალური მეცნიერებები - ჩემი ტექნიკური განათლების მიუხედავად (არქიტექტორობას ჰიბრიდულ პროფესიას ვუწოდებ), მაინტერესებდა და მაინტერესებს ყველა ის მიმართულება, რაც კონკრეტულ კავშირშია ადამიანთან/საზოგადოებასთან და მის მოღვაწეობასთან. აქვე დავამატებ, რომ .. ჰუმანიტარი ჩემგან არ შედგა.
3. ურბანული განვითარება - ჩემი ასპირანტურისა და რიგი კვლევების მიმართულებაა. ყოველთვის მექნება სურვილი მივუბრუნდე. ამ ეტაპზე დღეში 1 სტატია ადა/ნ თვეში 1 ახალი გამოცემა მაკმაყოფილებს.
4. განათლება - აქვე მეცნიერების მენეჯმენტი - პროფესიულმა/საქმიანმა ცხოვრებამ მოიტანა, უკვე მეშვიდე წელია. არ მეგონა არქიტექტურას თუ რაიმე თემაში გავცვლიდი, თუმცა შევცდი :) დარწმუნებული ვარ, რომ განათლება და მეცნიერება არის სამყაროს პროგრესის მამოძრავებელი და ჩვენი (პლანეტას ვგულისხმობ) მომავალი!
5. მუსიკა-ხელოვნება - გასაგები მიზეზების გამო არ დავწერ რატომაა ეს ჩემი ინტერესების სფერო (ტრივიალურია, გაინტერესებდეს მუსიკა და/ან ხელოვნება). აი მიმართულებებში საკმაოდ კონკრეტული ვარ (ჩამონათვალში სტილი და ეპოქები აღრეულია): ანტიკური ეპოქა, ძველი ცივილიზაციები, შუა საუკუნეები (გოთიკა),  იმპრესიონიზმი, მოდერნი/არტნუვო(ნუოვო), კლასიკური მუსიკა, ჯაზი, ბრაზილიური ჯაზი. თუ რამე გამომრჩა, მოგვიანებით დავამატებ.

6. ლიტერატურა - არა ლიტერატურის ისტორია, არამედ თავად შექმნილი ნაწარმოებები J აქაც არიან ფავორიტები, მაგრამ აღარ დავკონკრეტდები.

7. მოგზაურობა - განსაკუთრებით მარტო

8. კულინარია - განსაკუთრებით ტკბილეული J

ახლა რამდენიმე სიტყვით ინტერნეტ "დრეს-კოდზე" - ანუ ამ ბლოგის კორპორატიული ეთიკა

ა) ვმსჯელობთ ნებიენიერ აღნიშნულ თემაზე

ბ) მივესალმებით ცხარე დისკუსიებს და განსხვავებულ აზრებს

გ) მივესალმებით ნებისმიერ სტუმარს

დ) არ დავუშვებთ: უხამსი, შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენებას, ერთმანეთის უპატივცემულობას, არასწორი ინფორმაციის (ე.წ. ჭორების) გავრცელებას, სტუმრის დისკრიმინაციას, ნებისმიერ არაკონსტიტუციურ, არადემოკრატიულ და ადამიანის უფლებისა და ღირსების შემლახველ ფრაზეოლოგიას.

ე) ბლოგი ვერ შეითავსებს სკაიპის, ფორუმების, მესინჯერების და სხვათა ფუნქციებს, ანუ როგორც ისტ სივრცეში იტყვიან, "ჩეთი" არ გამოვა.

ესეც, ასე. ანკეტა შევსებულია, თამაშის წესები განსაზღვრული და ყავაც გამზადებული. ჯერი პირველ თემაზეა, რასაც სულ მალე შემოგთავაზებთ.

W E L C O M E